„სლოგანი, რაც დღემდე გვაქვს, – „ დარჩი სახლში” თანდათანობით შეიცვლება სლოგანით – „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად”, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გარკვეული სახის შეზღუდვები დარჩება, რომლი დაცვაც მოსახლეობას მინიმუმ შემოდგომამდე მოუწევს.

„მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდხანს დარჩება. ხომ იცავთ წესს სასურსათო მაღაზიებში შესვლისას, ძალიან კარგი იყო, რომ ამ წესს ჩვენი საზოგადოება იცავდა და იცავს. ახლა, უკვე თანდათან სხვა ტიპის მაღაზიები იხსნება. ჯერ არსად ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ვიცი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები გაიხსნა. როგორც ვიცი, იქაც ძალიან აქტიურად იცავენ წესებს, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთდროულად დახურულ სივრცეში, ადამიანებს შესვლისას უზომავენ ტემპერატურას, ხელები სანიტაიზერებით მუშავდება. შეიძლება, ეს არ გვსიამოვნებს, რადგან ესეც გარკვეული ტიპის შეზღუდვაა, მაგრამ ეს შეზღუდვები დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ამ შემოდგომაზე ნამდვილად იქნება, ვიცი. მერე კიდევ ვნახოთ. ამიტომ, შეზღუდვების მხრივ გარკვეული ღონისძიებები იქნება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიაწვდიან.